ტრადიციები საქართველოში
ქართული ტრადიციული სამზარეულო ერთ-ერთი უმდიდრესია მთელს მსოფლიოში. ეროვნული ტანსამლისაგან განსხვავებით, ქართული სამზარეულო არა მარტო შენარჩუნებული იქნა, არამედ ფართოდ გავრცელდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც.
წარსულში საქართველოს ცალკეული კუთხეების სამზარეულოებს შორის საგრძონი განსხვავება იყო. ამჟამად ეს განსხვავება თითქმის აღარ არის და ნებისმიერ კუთხეში ფართოდ გავრცელდა ის კერძები, რომლებიც ადრე დამახასიათებელი არ იყო.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარის რაიონებში ძირითადად ხორბლის პურს აცხობდნენ (შოთი, ლავაში), მთაში კი ქერის ხმიადა|ხმიადებს. დასავლეთ საქართველოში ხორბლის მაგივრობას სიმინდი ასრულებდა და ამიტომ მოსახლეობის ძირითადი საკვებიც მჭადი(იმერეთი, გურია) ან ღომი (სამეგრელო, აფხაზეთი) იყო. დასავლეთ საქართველოში ძირითადად სულგუნი და იმერული ყველია მიღებული, აღმოსავლეთ საქართველოში კი - გუდის ყველი
დასავლეთ საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული მრავალფეროვანი მცენარეული საკვები, რომლებიც ნიგვზითა და სანელებლებითაა შეზავებული (სხვადასხვა ფხალეული). აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის კვების რაციონში კი ხორცს უფრო დიდი ადგილი უკავია.
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებულია ლობიო, ხაჭაპური, ხინკალი, თევზეული, მწნილი და სხვადასხვა საწებლები. მთავარი სასმელი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ღვინოა. მხოლოდ მაღალმთიან პროვინციებში, სადაც ვენახები არ არის, ღვინოს არაყი და ლუდი ცვლის.
ქართული სუფრის ტრადიციები მკაცრ წესრიგს ემორჩილება. თამადა და სადღეგრძელოები სუფრის აუცილებელი ელემენტებია საქართველოს ნებისმიერი კუთხისათვის. სადღესასწაულო სუფრა ასევე წარმოუდგენელია სიმღერის, ცეკვისა თუ ხუმრობების გარეშე. სადღეგრძელოების თანმიმდევრობა თამადაზეა დამოკიდებული, თუმცა გარკვეული ტრადიციები ჩამოყალიბებულია და განსხვავებებიც შეინიშნება სხვადასხვა პროვინციებს შორის. გურიაში მაგალითად, პირველი სადღეგრძელო მშვიდობისაა, კახეთში კი ოჯახის ჭერს დალოცავენ ხოლმე. აღმოსავლეთ საქართველოში ბოლო სადღეგრძელო საყველაწმინდოა, თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში კი სუფრაზე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ წინაპრებისა და გარდაცვლილთა მოგონების სადღეგრძელოებს.
თამარ მეფის სახელობის მესტიის საერთაშორისო აეროპორტში საქმიანი ჩოჩქოლია. ახლად დაგებულ, 1200 მეტრი სიგრძის ბილიკზე კანადური ავიაკომპანია Kenn Borek Air-ის თვითმფრინავი ეშვება. მესტიის ნავიგაციის მენეჯერი და ვეტერანი პილოტი, ბენო ნიგურიანი, რეისის შესახებ ინფორმაციას რაციით იღებს. აეროპორტში სამუშაო პროცესი რამდენიმე წამით წყდება - ყველა ერთად უყურებს, როგორ ეხება მიწას თვითმფრინავის ბორბლები.
ეს ის თვითმფრინავია, რომელმაც სვანეთს, ზამთარ-ზაფხულ, ყოველ დაფრენაზე ტურისტების ახალი ნაკადი უნდა ჩამოუყვანოს. ეს არის მომავალი, რომლისთვისაც სვანეთს უკვე თითქმის ხუთი თვეა, გაცხარებული მშენებლობებითა და ინტენსიური პიარ-კამპანიით ამზადებენ.
ბენო ნიგურიანი აეროპორტის ძველ, საბჭოთა დროს აგებულ და ახალ, შემინულ შენობებს შორის დგას და ამაყად გვეუბნება, რომ თანამედროვე სანავიგაციო და უსაფრთხოების ზომებით აღჭურვილ აეროპორტს ავიარეისების მიღება ცუდ ამინდშიც შეეძლება - ის, რაც მის ახალგაზრდობაში წარმოუდგენელი იყო.
Spend Your Week-end in Mestia (გაატარე შაბათ-კვირა მესტიაში) - ეს ინგლისურენოვანი რეკლამა თვითმფრინავის ერთ გვერდს ამშვენებს და ტურისტებს სვანეთში იწვევს. ეს არის რეგიონი, რომლის განვითარებაც და ქართულ შვეიცარიად გარდაქმნაც ბოლო პერიოდში საქართველოს პრეზიდენტის უმნიშვნელოვანეს პროექტად იქცა.
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის, მაია სიდამონიძის ცნობით, 2010 წელს სვანეთს ოცი ათასი ტურისტი სტუმრობდა. მისი თქმით, 2011 წელს ეს რიცხვი გასამმაგდება.
თვითმფრინავიდან მგზავრები კანტი-კუნტად გადმოდიან. ძირითადად, ეკიპაჟის წევრები არიან.
კანადური თვითმფრინავი მესტიაში ახლა რეგულარულად იფრენს, მანამდე მხოლოდ საცდელი რეისები სრულდებოდა.
სვანეთი, როგორც ზამთრის კურორტი - ეს პროექტიც ჯერ საცდელია.
თუკი სვანეთში წასვლა გსურთ და კანადურ თვითმფრინავში ვერ მოხვდით, მესტიამდე ასასვლელად საავტომობილო გზის გამოყენება მოგიწევთ. საშუალოდ 15-ადგილიანი, ე.წ. «მარშრუტკები» მესტიისკენ დილის 6 საათზე გადის. თუმცა, მგზავრები, შედარებით კომფორტული ადგილების დასაკავებლად, სადგურზე, ყოფილ «ბავშვთა სამყაროსთან», დილის 4 საათიდან იკრიბებიან. ჩაბარგება-ჩალაგების პროცესი საათზე მეტ ხანს გრძელდება. ბოლოს ბარგი «მარშრუტკაში» სართულებად ეწყობა. თუ ბოლო ადგილზე მოხვდით და უთვალავიდან ერთ-ერთ გაჩერებაზე ფეხის გასაშლელად გარეთ გასვლა გადაწყვიტეთ, ორ სათადარიგო სკამსა და რამდენიმე მძიმე ჩანთაზე გადახტომა მოგიწევთ.
11-საათიანი მგზავრობის ყველაზე დამღლელი, მაგრამ ყველაზე ლამაზი მონაკვეთიც ზუგდიდიდან იწყება. აქედან მესტიამდე 136 კილომეტრია, მაგრამ «მარშრუტკა» ამ მანძილის დაფარვას თითქმის იმდენსავე დროს ანდომებს, რამდენიც თბილისი-ზუგდიდის 300-ზე მეტ კილომეტრს დასჭირდა.
მესტიამდე ასასვლელი გზა მშენებლობის პროცესშია. მუშაობა ორი სხვადასხვა მხრიდან - მესტიიდან და ხაიშიდან დაიწყო. მესტიიდან 9 კილომეტრია დაგებული, ხაიშიდან - 15-20. წინასწარი გათვლებით, მომავალი წლის ბოლოსთვის ახალი ბეტონის გზა უკვე მესტიამდე უნდა ავიდეს. ადგილობრივი მოსახლეობა ამ დროის დადგომას უფრო მეტად ელის, ვიდრე თვითმფრინავის დანიშვნას - თუ თბილისი-მესტია-თბილისის რეისი 150 ლარი ეღირება, გამოდის, რომ ეს «მარშრუტკით» მგზავრობაზე თითქმის სამჯერ ძვირი იქნება.
როცა სეტში, მესტიის მთავარ მოედანზე, «მარშრუტკა» ჩერდება, უკვე ბინდი დგას. ჩანთების ზედახორაში საკუთარი ბარგის პოვნა ჭირს. მოედანზე ატალახებული თოვლი დევს.
ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნას სეტი ხარაჩოებით, ამწეებითა და სატვირთო მანქანებით ხვდება. 5-6 შენობის ფასადი უკვე თითქმის მზადაა. პროექტის ავტორი არქიტექტორი მერაბ გუჯეჯიანია. როგორც თავად ყვება, მისი პირველი დავალება ის იყო, რომ სეტისგან არ მიეღო ე.წ. «სიღნაღი». მეორე მხრივ კი, საჭირო იყო «საბჭოთა პერიოდის უსახური არქიტექტურის საშლელით წაშლა». გუჯეჯიანი ამას ტრადიციული საშენი მასალის - ქვისა და ხის გამოყენებით შეეცადა. უფრო მეტი თავისუფლება კი თავს გამგეობის შენობის დაპროექტებისას მისცა. ასე აღიმართა ტრადიციული სტილის, ხის აივნებიანი და ყავარით გადახურული ნაგებობების გვერდით, გამგეობის შემინული, თანამედროვე შენობა. ამიტომ სეტი დღეს ეკლექტურ შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა, იმ ადამიანებს, რომლებიც მთავარ მოედანზე მაღაზიებსა და ფარდულებს ფლობენ, თავიდან სულ სხვა რამ ადარდებდათ: «აქაურები პატარა ფანჯრებს არიან მიჩვეული, ეს მათ დაცულობის შეგრძნებას მატებს, ამიტომ ეშინოდათ, რომ დიდ ფანჯრებსა და ვიტრაჟებს გაუტეხენ, გაძარცვავენ. იმის ასახსნელად, რომ ახლა სვანეთში სხვა დროა, დიდი შრომა დაგვჭირდა», - იხსენებს მერაბ გუჯეჯიანი.
თუკი დღეს გამვლელებს აზრს ჰკითხავთ, მცირეხნიანი პაუზის შემდეგ თითქმის ერთნაირ პასუხებს მიიღებთ: «მოგვწონს, როგორ არ უნდა მოგვწონდეს, პირველად გვიკეთებენ რაღაცას».
შებინდებისას იქვე, მოედანზე დანთებულ ცეცხლზე მუშები ხელებს ითბობენ. ზოგიერთი ყავისფრად გალაქული ხის ფანჯრებიდან საღებავსა და ჭუჭყს ახლად დამონტაჟებული ლამპიონების შუქზე ფხეკს. მეორადი ტანსაცმლის მაღაზიის გამყიდველს საკიდებზე ჩამოკიდებული პალტოები და შარვლები ოთახში შეაქვს და კარს კეტავს. საქონლის ხორცის ფარდული უკვე დაუკეტავთ, მაგრამ ლურსმანზე წამოცმული საქონლის ბარკალი გარეთ დარჩენიათ - «კუბდარი. საქონლის ხორცი» - ლურჯი კალმით წერია ნახევრად ჩამოხეულ ფურცელზე. ამ ორი მაღაზიის გაგრძელებაზე შემინული, ახლად გარემონტებული ოფისია. კედელზე მიმაგრებული აბრა მესტიაში ევროპის შემოსვლაზე მიუთითებს. «ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი» - წერია ტრაფარეტზე. იქვეა დატანილი ყველა უცხოელი ტურისტისთვის კარგად ნაცნობი საერთაშორისო ნიშანი, ლათინური ი - რომელიც ინფორმაციის მაძიებელ სტუმრებს ამცნობს - ეს ის ადგილია, სადაც ყველა კითხვაზე გასცემენ პასუხს.
ცენტრის ინტერიერიც თანამედროვეა: მუქი ხის იატაკი, შავი მეტალის ნათურები, მაგიდაზე ორი თხელმონიტორიანი კომპიუტერი და კომპიუტერთან მჯდარი, გემოვნებით ჩაცმული ორი მესტიელი ახალგაზრდა - ანი გირგვლიანი და დათო ჯაფარიძე.
- გუშინ არავინ შემოსულა, მაგრამ დღეს ჰოლანდიელები მივიღეთ - რესტორანს ეძებდნენ და სასტუმრო «თეთნულდში» მივასწავლეთ - იქ შედარებით ძვირი ღირს ყველაფერი, მაგრამ ყველაზე ხარისხიანიცაა. მე აქაური ვარ და ვიცი, რომ ზამთარში აქ უამრავი რამ შეიძლება, ნახო. აი, ჩვენი პროგრამა, - ფურცლებს მაწვდის ანა გირგვლიანი.
ტურისტების მოსაზიდად მთავარ ფსონს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ახლად დასრულებულ სათხილამურო ტრასაზე დებს. მესტიაში ორდღიანი ვიზიტის მთავარი ღონისძიება სწორედ ზურულდიდან ჰაწვალამდე სრიალია. ცნობილი იტალიური კომპანია «ლაიტნერის» პროექტით გაყვანილი საბაგირო და სათხილამურო გზა ზღვის დონიდან 2.347 მეტრზე ადის. ზურულდიდან ქვევით, ჰაწვალისკენ დაშვებისას, მზიან ამინდში წინ უშბა და მესტიის კოშკებიანი პეიზაჟი ჩანს, მარჯვნივ - თეთნულდი. აქ 1980-იან წლებში საბაგირო გზა უკვე არსებობდა, მაგრამ დიდხანს არ უმუშავია. «ლაიტნერის» ზედამხედველობით, შპს «საქსპეცტრანსის» სპეციალისტებმა და ადგილობრივმა მუშებმა კი ახალი საბაგირო გზა ორთვენახევარში გაიყვანეს. დაიგო სამი, სხვადასხვა სირთულის ტრასაც.
მალხაზ უდესიანი, რომელიც ჰაწვალში სათხილამურო და საბაგირო გზის ზედამხედველად დარჩება, ამბობს, რომ პირველ სეზონზე, შესაძლოა, სტუმრებს მთლიანად უფასოდ მოემსახურონ. ტურიზმის ცენტრის საინფორმაციო ბუკლეტშიც ფასები ჯერჯერობით მითითებული არ არის.
სრიალის გარდა, ორდღიან პაკეტში მესტიის დათვალიერება, ცხენებით გასეირნება, დაბის ცენტრში მოწყობილ ყინულის მოედანზე ციგურებით სრიალი, ადგილობრივ მკვიდრთან სტუმრობა და საკრავი ინსტრუმენტის, ჭუნირის დამზადების რიტუალის ცქერა შედის.
ტურიზმის ცენტრში გვეუბნებიან, რომ თბილისიდან მესტიაში ორი დღით სათხილამუროდ ასვლა რეალურია, რადგან დაბას თვითმფრინავი მოემსახურება, მგზავრობა კი 1 საათს გასტანს. ამიტომ იქნებ, მესტიაში დასასვენებლად და გასართობად ის ტურისტებიც ავიდნენ, რომლებიც შაბათ-კვირას, თბილისთან სიახლოვის გამო, მანამდე გუდაურში ატარებდნენ.
მალხაზ უდესიანი აცხადებს, რომ სათხილამურო კომპლექსს რამდენიმე პროფესიონალი მაშველი მოემსახურება. თუმცა იმასაც ამბობს, რომ ჯერ მათი ტრენინგი არ დაწყებულა.
«აი, უკვე გაიხსნა სათხილამურო ტრასა და ახლა გაირკვა, რომ კარგად მომზადებული მაშველები არ გვყავს. ამიტომ ახალ კურსს მაშველების მოსამზადებლად თებერვლიდან ვიწყებთ», - აცხადებს მესტიის პროფესიული კოლეჯის დირექტორი ირმა ჯაფარიძე.
პროფესიონალი მაშველების დეფიციტი - ეს ის თემაა, რომელიც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია «სვანეთის ტურიზმის ცენტრის» ხელმძღვანელს, ზაურ ჩართოლანსაც ყველაზე მეტად აწუხებს.
«ტურიზმს ვავითარებთ, მაგრამ გვავიწყდება, რომ მთავარი კადრებია. გვგონია, რომ შენობები და ნაგებობები აგვაშენებენ და ამ ყველაფერს რომ პროფესიონალი გამყოლები, მაშველები, საბაგირო გზების მომსახურე პერსონალი სჭირდება - ეს არ გვახსოვს. პროფესიონალების გაზრდა კი წლებს მოითხოვს», - ამბობს ზაურ ჩართოლანი.
დღეს სვანეთში დაახლოებით ასი ოჯახური ტიპის სასტუმროა. თუმცა, 2010 წლის ოქტომბერში ჩატარებულ კვლევაში, რომლის საშუალებითაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასტუმროების სტანდარტები განსაზღვრეს, უმაღლესი შეფასება მესტიის არც ერთ მცირე სასტუმროს არ ერგო. თუმცა კომფორტი ტურისტების მისაღებად მათაც აქვთ: ელექტრო-ღუმელებით გამთბარი ოთახები, სამჯერადი კვება, საერთო აბაზანა და საპირფარეშო, ზოგან - ინტერნეტიც კი - ეს ყველაფერი დღეში საშუალოდ 40 ლარად.
2011 წლის ზამთრის სეზონზე ტურისტების მიღების იმედი ბევრს აქვს. მესტიის ქუჩებში ხშირად შეხვდებით ბოძებსა თუ ღობეებზე სახელდახელოდ მიკრულ ინგლისურენოვან წარწერებს, მაგალითად ასეთს: «Guesthouse - KOKA». აქ მაღაზიებსა და აფთიაქებსაც ინგლისური წარწერები აქვს: «Hot Bread», «Market» - გზის გაკვლევა ტურისტს, წესით, არ გაუჭირდება.
თუმცა მესტიის მთავარ მოედანზე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაღაზიის გამყიდველი, ამბობს, რომ უცხო ენა არ იცის და მაღაზიაში შემოსულ ტურისტთან ჟესტიკულაციით ურთიერთობს - «სულ ასე იყო, ახლაც არ გამიჭირდება», - ღიმილით გვეუბნება გოგონა.
რჩება შთაბეჭდილება, თითქოს, მესტიელები თავს დამტყდარი ცვლილების მნიშვნელობას ბოლომდე ვერ ხვდებიან. ჰგონიათ, რომ ტურისტების გამასპინძლებისას «სვანური ეგზოტიკით» გავლენ იოლას. «აქ იმდენად სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს, რომ ჩვენ ისედაც ყველას გავაოცებთ», - ამბობს ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროსა და პატარა სასადილოს მეპატრონე. «ტურისტები ჩვენთან ეგზოტიკას ეძებენ, ეს კი უხვად გვაქვს», - საუბარში ერთვება ოფიციანტიც.
ზაურ ჩართოლანის თქმით, ბოლო ტრენინგი მისმა ორგანიზაციამ მცირე სასტუმროების მეპატრონეთა გადასამზადებლად შარშან ჩაატარა. ადგილობრივებს ფინანსურ მართვას, საგადასახადო უწყებასთან ურთიერთობას, ტურისტების მისაღებად სახლის მოწყობას და მათთვის ტურისტული მომსახურების შეთავაზებას ასწავლიდნენ. თუმცა მსგავსი ტრენინგებისთვის ჩართოლანის ორგანიზაციამ უკვე წელს გრანტი ვეღარ მოიპოვა.
2011 წლის გახსნილი სეზონის შემდეგ ირკვევა ისიც, რომ მესტიაში პროფესიონალი და უცხო ენების მცოდნე სამთო გიდების დეფიციტიცაა. ადგილობრივი კოლეჯი გიდებს დღესაც ამზადებს, მაგრამ პროგრამა არასრულყოფილია. ამიტომ თებერვლიდან უფრო რთული, სამსაფეხურიანი, ინტენსიური კურსით დაიწყებენ სწავლას. ეს იქნება ერთადერთი სასწავლებელი მთელ საქართველოში, სადაც სამთო გიდებსა და გამყოლებს მოამზადებენ.
გიდები პროფესიას ხშირ შემთხვევაში მაღალანაზღაურებადი სამუშაოს იმედით ირჩევენ. ისინი სწავლობენ სვანეთის ისტორიას, გეოგრაფიას და შესაბამის ინგლისურენოვან ტერმინოლოგიას, შემდეგ საკუთარი კულტურული მემკვიდრეობით თავი უცხოელებს რომ მოაწონონ. თუმცა ზოგიერთი მათგანი ტურიზმის განვითარებას შიშით ელის:
«ადრე ჩვენთან ღამის ბარები არ იყო, ახლა კი ტურისტებისთვის აკეთებენ. ჩვენს ტრადიციებს არ დავკარგავთ, მაგრამ მგონია, რომ ეს ადგილობრივი მოსახლეობის გარყვნას მაინც გამოიწვევს», - ამბობს მომავალი გიდი ანზორ შერვაშიძე.
ანზორი მიჩვეულია რეალობას, როცა ზამთარში, საღამოს 7 საათზე მესტიის ქუჩებში ცხოვრება წყდება. ამ დროს ყველა მაღაზია უკვე დაკეტილია. თუ არ ვცდები, ერთადერთი პატარა, სადღეღამისო მარკეტი «ანა-მარია» აეროპორტის გზაზე მუშაობს. სამაგიეროდ, სასტუმრო «თეთნულდში» ტურისტებისთვის ბარია გახსნილი. ამიტომ იმ ტურისტებს, ვისაც სეტის მოედანზე ციგურებით სრიალი არ სურს, შეუძლია, ღამის მესტიის ხედებით «თეთნულდის» ვიტრაჟიანი რესტორნიდან დატკბეს.
შებინდებისას თანდათან ინთება კოშკებზე დამონტაჟებული პროჟექტორები და მალე, სახლის აივნიდან ჩაშავებულ რელიეფზე განათებული კოშკები ჩანს.
ორი წლის განმავლობაში მესტიაში 23 კოშკი აღადგინეს და გაამაგრეს. თუმცა, როგორც გამგეობის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის მთავარი სპეციალისტი, მალხაზ ფალიანი ამბობს, სასწრაფო გარემონტება სვანეთში კიდევ 123 კოშკს ჭირდება. თითო კოშკის რეაბილიტაცია, მისი თქმით, საშუალოდ 14-15 ათასი ლარი ჯდება.
მიუხედავად იმისა, რომ მესტიის გამგეობაში არსებობს განყოფილება შემდეგი სახელწოდებით - კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური - მას არ ჰყოფნის არც ბიუჯეტი და არც ადამიანური რესურსი, რითაც კოშკების რეაბილიტაციაზე იზრუნებდა. ამ ფუნქციას დღეს მთლიანად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ითავსებს.
მესტიის გამგეობას დასუფთავების სამსახურიც აქვს, მაგრამ მის კომპეტენციაში დაბიდან ნაგვის გატანა არ შედის. ამიტომ მესტია ზამთრის ტურისტულ სეზონს ქუჩის ურნებისა და ნაგავსაყრელის გარეშე ხვდება.
- მე ნაგავს პირდაპირ მდინარეში ვყრი, - გვპასუხობს ერთ-ერთი გამვლელი.
- ჩვენ მინდორში გაგვაქვს და ვწვავთ, - გვეუბნება სასადილოს მეპატრონე.
გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, შმაგი ნაკანის თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მესტიას სანაგვე ურნების დამონტაჟებას მომავალი წლისთვის ჰპირდება. წესით, ამ დროისთვის, მესტიელებს უნდა ჰქონდეთ ნაგვის მანქანაც, ხოლო ლატალი-ლენჯერის ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის დაპროექტება უნდა დაიწყოს.
«საფუძვლიანი კვლევისა და კარგი სპეციალისტების მოსაწვევად სახსრები არ გვეყო, მაგრამ ჩვენები იყვნენ ლატალში და თქვეს, რომ ეს კარგი ადგილია ნაგავსაყრელის მოსაწყობად», - დასძენს ნაკანი.
მანამდე კი, ხიდიდან როცა გადაიხედავთ, მდინარის გასწვრივ დამონტაჟებულ მილებს შორის დაინახავთ, ხავსში გაჩხერილ პლასტმასის ბოთლებს, სიგარეტის კოლოფებსა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენს. «მარშრუტკით» მგზავრობისას კი ხშირად წააწყდებით ამგვარ სცენას: როგორც კი გზა ზუგდიდიდან სვანეთისკენ გადაუხვევს, მგზავრები პარკებში შეგროვილ ნაგავს პირდაპირ ფანჯრიდან ჰყრიან, შემდეგი ლოგიკით: «აქეთ კანონი არ მოქმედებს, ამისთვის არავინ დაგვაჯარიმებს».
«ჩემი მოსაზრებით, რომელსაც მრავალი საბჭოთა და უცხოელი სწავლულისა და პროფესორის აზრი ამყარებს, ზემო სვანეთი მსოფლიო მასშტაბის ალპინიზმის, ტურიზმისა და ექსკურსიების მხარედ უნდა ვაქციოთ... ამისთვის ყველანაირი მონაცემი არსებობს. შესაფერისი კლიმატი, მთის სუფთა ჰაერი, მინერალური წყლების 135 საბადო, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეები, მრავალფეროვანი ალპური მინდვრები, დიდებული მყინვარები... ერთი სიტყვით, ეს მხარე შეიძლება, გახდეს საბჭოთა შვეიცარია, რომელმაც ზემოთ აღწერილი მონაცემების გამო, ევროპულ შვეიცარიას შეიძლება, აჯობოს კიდეც. უმაღლესი ორგანოების სათანადო მონდომების შედეგად კი, აქ კულტურის განვითარებაც რეალურია ისევე, როგორც კარგი გზების გაყვანა. თქვენ წარმოიდგინეთ, ტბების მოწყობაც კი იოლი საქმეა... საბოლოოდ, ეს «საბჭოთა შვეიცარია» მთელ დედამიწაზე თავისებურ უნიკუმად გარდაიქმნება და საბჭოთა ხელისუფლებას დიდ შემოსავლებს მოუტანს».
ეს არის ნაწყვეტი 1920-იან წლებში დაწერილი წერილიდან, რომელიც ევროპაში განათლებამიღებულმა ცნობილმა მესტიელმა, სილვესტრ ნავერიანმა ВКП(б)-ს (საკავშირო კომუნისტური პარტიის) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის აღმასრულებელ მდივანს მისწერა.
ამ 7-გვერდიანი მოხსენებითი ნაშრომის დაწერიდან 80 წლის შემდეგ სვანეთი განვითარების თითქმის იმავე ეტაპზეა. თუმცა საკუთარი ბუნებრივი პოტენციალის შემოსავლის წყაროდ ქცევის ისეთი სერიოზული შანსი, როგორიც სვანეთს დღეს აქვს, აქამდე არასდროს ჰქონია.
დღეს სვანეთში რამდენიმე მიმართულებით დაწყებული ცვლილებები ადგილობრივ მოსახლეობას პირველად უჩენს განცდას, რომ კავკასიონის მწვერვალებში გამოკეტილი მხარე სახელმწიფოს რეალურად სჭირდება. მათთვის შთამბეჭდავია ინვესტიციის რაოდენობაც, რომელსაც სახელმწიფო და საერთაშორისო ფონდები სვანეთზე ხარჯავენ. ამის გამო, ბევრი მათგანი, მოუგვარებელ პრობლემებზე, ისეთზე, როგორიც მესტიიდან დანარჩენ სოფლებში ტრანსპორტის დეფიციტია, დღემდე თვალს ხუჭავს და ტურიზმს სვანეთის განვითარებისთვის საჭირო ყველაზე რეალურ გზად მიიჩნევს.
«სვანეთს ახალგაზრდები დაუბრუნდებიან».
«კარგ გზას ვეღირსებით».
«დავსაქმდებით».
«აღარ იქნება გამოკეტილი და მიტოვებული სახლები».
«შემოსავლის წყარო გაგვიჩნდება», - გეგმებს აწყობენ სვანები. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მათ განვითარებისთვის სჭირდებათ და რაც დღემდე აკლიათ, შეცვლილ რეალობაში საკუთარი როლის გააზრებაა. სვანეთი მართლაც რომ გახდეს ახალი დანიშნულების პუნქტი ტურისტულ რუკაზე (და არა მხოლოდ მთავრობის გასვლითი სხდომებისა და ოფიციალური დელეგაციების ვიზიტისას), ამისთვის კარგად აწყობილი ინფრასტრუქტურაა საჭირო, რომელშიც ადამიანებმა საკუთარი საქმე იციან და ტურიზმის განვითარების ახალ გზებს ეძებენ.
ამიტომ სვანეთის რეალური განვითარებისთვის თანაბარი ინვესტიციაა საჭირო როგორც მსხვილ მშენებლობებში, ისე ადგილობრივი მოსახლეობის განათლებაშიც. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იქცეს რეალობად ერთი რიგითი სვანის 80 წლის წინანდელი პროგნოზი და ზემო სვანეთისგან შვეიცარია მართლაც დადგეს.
სვანეთიდან რუსული, დაახლოებით 10-ადგილიანი თვითმფრინავით მოვფრინავთ. ვიდრე კანადური თვითმფრინავის რეისები დაინიშნებოდა, მესტიაში კვირაში ორჯერ ნატახტრის აეროპორტიდან სწორედ ეს თვითმფრინავი დაფრინავდა, თანაც ადგილობრივებისთვის ხელმისაწვდომ ფასად - 40 ლარად.
თუმცა მისი რეისები ამინდზეა დამოკიდებული. წამოსვლისას გაგვიმართლა. მესტიაში მოწმენდილი, მზიანი დღე იყო - ისეთი, როცა უშბაცა და თეთნულდიც მკვეთრად ჩანს.
გერმანელი არქიტექტორის, იურგენ მაიერის მიერ დაპროექტებულ აეროპორტის შენობაზე მუშები უზარმაზარ დამუქებულ ფანჯრებს სვამენ, დამლაგებელი ქალები კი უკვე ჩასმულ ფანჯრებს ტილოებით აპრიალებენ.
- აბრა უკვე მზად გაქვთ? შეიძლება, გადავიღოთ? - ვეკითხებით ბრიგადის უფროსს. ის საქმიანად გვიშორებს თავიდან - ჯერ მზად არ არის, და ვერ დაგეხმარებით, ბევრი საქმე გვაქვს, პარასკევისთვის ყველაფერი უნდა მოვასწროთ, - გვეუბნება და კედელზე აყუდებულ შუშებსა და სატვირთო მანქანებისგან ატალახებულ გზაზე მიგვითითებს.
პარასკევს, 24 დეკემბერს მთავრობის სხდომა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მესტიაში გამართა.
მესტიელებისთვის პრეზიდენტისა და მთავრობის წევრების სტუმრობა ზამთრის ტურისტული სეზონის დაწყებას ნიშნავს.
- აი, ჩამოვა პრეზიდენტი და გაიხსნება სეზონიც, - ხშირად გვესმის ეს ფრაზა, მიუხედავად იმისა, რომ სათხილამურო ტრასისთვის საკმარისი თოვლი ჯერ არ დევს.
ათი ადგილი კაბინაში მალე ივსება. კავკასიის თოვლიან ქედს ჩვენი თვითმფრინავის მოძრავი ანარეკლი მიჰყვება. ქვევით გაშლილი კოშკებიანი სოფლები თვითმფრინავის ილუმინატორიდან ნელ-ნელა პატარავდება.
ოთხ წელიწადში აქ საქართველოს პრეზიდენტი ნახევარ მილიონ ტურისტს ელოდება